ბორის ჯონსონმა ესტონეთში ნატო-ს მისიის ფარგლებში დისლოცირებული ბრიტანელი სამხედროები მოინახულა და საშობაო სადილი დაურიგა
ბორის ჯონსონმა ესტონეთში ნატო-ს მისიის ფარგლებში დისლოცირებული ბრიტანელი სამხედროები მოინახულა და საშობაო სადილი დაურიგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ესტონეთში ნატო-ს მისიის ფარგლებში დისლოცირებული ბრიტანელი სამხედროები მოინახულა და მათ საშობაო სადილი დაურიგა. ესტონეთში, ტალინთან მდებარე ტაპას სამხედრო ბაზაზე 850 ბრიტანელი სამხედრო იმყოფება.

ესტონეთის სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ერთგულებას ნატო-სადმი და ალიანსის მიერ რუსეთთან ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის ვალდებულებას.

„უახლოეს დღეებში ყველა ჩვენს ქვეყანაში შობას ოჯახებთან ერთად იზეიმებს, თქვენ კი აქ იქნებით, შორს, საკმაოდ ცივ ადგილას. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას შეუძლია მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იზეიმოს შობა. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, აჩვენებს, რომ ნატო მუშაობს და რომ ნატო არის ალიანსი, რომლის მიმართაც ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ერთგულია“, – განაცხადა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი ასევე შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს და მას მადლობა გადაუხადა ბრიტანელი სამხედროების მიმართ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის.

ბრიტანელი სამხედროების ბატალიონი ესტონეთში 2017 წლიდან არის განთავსებული, მას შემდეგ, რაც ალიანსმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.