ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განაცხადა. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური მიმართვისას აღნიშნა, ეს არ ნიშნავს კარანტინის დასრულებას.
„ეს არ არის მიმდინარე კვირაში კარანტინის დასრულება. ამის ნაცვლად, ჩვენ დაწესებული ზომების ცვლილებისკენ პირველ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის ლიდერის თქმით, ის მოქალაქეები, რომელთათვის სახლიდან მუშაობა შეუძლებელია, კერძოდ, საწარმოო და მშენებლობის სფეროში დასაქმებულები, სამსახურებში ივლიან.
ბორის ჯონსონის განცხადებით, 13 მაისიდან მოქალაქეები გარეთ სავარჯიშოდ შეუზღუდავი დროით შეძლებენ გასვლას, თუმცა, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პირველი ივნისიდან აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებში. თავდაპირველად სწავლას განაახლებენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
ბორის ჯონსონის თქმით, მომავალში, როდესაც შესაბამისი დრო დადგება, დიდ ბრიტანეთში საჰაერო გზით ჩასული მოქალაქეები კარანტინს გაივლიან. პრემიერის თქმით, ეს დრო მალე დადგება.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაძლოა, ივლისიდან ტურისტული ობიექტების ნაწილი გაიხსნას. თუმცა, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და მეცნიერთა რეკომენდაციებზე.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, მომავალი ორი თვის სამთავრობო გეგმას განსაზღვრავს „მეცნიერება, მონაცემები და საზოგადოების ჯანმრთელობა“ და არა „იმედი ან ეკონომიკური აუცილებლობა“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარანტინის შეზღუდვების ყველა ცვლილება პირობითია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ბორის ჯონსონის თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა არ იყოყმანებს კარანტინის შემსუბუქების გეგმის დამუხრუჭებაზე.
ქვეყნის პრემიერმა ასევე ინგლისში ვირუსის გავრცელების მონიტორინგისთვის შეტყობინების ახალი სისტემის ამოქმედება დააანონსა.
ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთი შეიცვლება ამ გამოცდილებით და შეძლებს, გახდეს უფრო ძლიერი და უკეთესი.
„თუმცა, ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, ვაკონტროლოთ ვირუსი და გადავარჩინოთ სიცოცხლე“, – განაცხადა ჯონსონმა.