ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის იდენტური, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ქვეყანას იარაღით მხარდაჭერა შესთავაზონ
უკრაინას ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები არ მიეცემა, – როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.
ჯონსონის თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს გრძელვადიანი ხედვა უკრაინის ადგილის შესახებ ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურაში. მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა უპასუხონ უკრაინის მოთხოვნებს, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რათა თავიდან იყოს არიდებული მომავალი შესაძლო თავდასხმები რუსეთისგან. მან აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის იდენტური, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, შესთავაზონ მხარდაჭერა იარაღით, წვრთნებით და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებით.
„ვიმედოვნებ, რომ ეს საშუალებას მისცემს უკრაინელებს, სცადონ შეკავება აღკვეთით და დარწმუნდნენ, რომ მათი ტერიტორია იმდენად გამაგრებულია, რომ რუსეთის მხრიდან შემდგომი თავდასხმისგან შეუვალი იქნება“, – განაცხადა ჯონსონმა.
ამასთან, ჯონსონის თქმით, ახლა დიდ ბრიტანეთს სურს ტანკების გაგზავნა პოლონეთში, რათა ვარშავამ საბჭოთა „T-72“-ის ტიპის ტანკები უკრაინას გადასცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მომავალ კვირაში კიევში საელჩოს მუშაობას განაახლებს.