
საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის განცხადებით, არცერთი ტელევიზიის საქმიანობა ისე ზუსტად არ არის გაწერილი კანონმდებლობით, როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომლებსაც ერთ ორგანიზმად განიხილავს.
მძინარაშვილის შეფასებით, კლასიკური გაგებით, საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი ტელევიზია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო ყველა დანარჩენი არის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება.
„ამ მაუწყებელს ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი. რომელიღაც ტელევიზიის მსგავსად, არა რაღაც კონკრეტული სახელი, რომელიც შეიძლება დამფუძნებელმა ან ტელევიზიის თანამშრომლებმა შეარჩიონ, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ის საქმიანობს კანონის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ყველა ტელევიზია ექვემდებარება მაუწყებლობის შესახებ კანონს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს იქ ცალკე, უზარმაზარი ადგილი აქვს დათმობილი და კონკრეტულად არის გაწერილი, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორ უნდა გააკეთოს, რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, როგორ უნდა იმუშაოს სამეურვეო საბჭომ, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, როგორ უნდა იმუშაოს მენეჯმენტმა, რას აკეთებს გენერალური დირექტორი და.შ. ჩვენთან არის როგორც უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის, აგრეთვე ომბუდსმენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობები. არცერთი ტელევიზიის საქმიანობა ისე ზუსტად არ არის გაწერილი კანონმდებლობით, როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის.
მეორე საკითხია, რომ ყველა, ვინც თავის თავს უწოდებს ტელევიზიას, არ არის ტელევიზია. ჩემი აზრით, საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი ტელევიზია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ასევე ვართ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებიც და ამას განვიხილავ ერთიანად, როგორც ერთ ორგანიზმს. მხოლოდ ეს არის ტელევიზია კლასიკური გაგებით. ყველა დანარჩენი არის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება. ნებისმიერ მათგანს დავუმტკიცებ, რომ არის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება. ყველა ტელევიზია ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარგად გამოჩნდა, ვინ, საიდან, ვისთან ჩაასხა უზარმაზარი ფული. მუდმივად როცა საუბრობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმიტომ იღებს დაფინანსებას, რომ გარანტირებული იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
მძინარაშვილის თქმით, აბსოლუტური ტყუილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მმართველი პარტიის პოლიტიკას ატარებს.
„ოთხ წელიწადზე მეტია, საბჭოს წევრი ვარ. ეს დაადასტურა ყველა არჩევნებმა, რაც ამ პერიოდში გაიმართა და ყველა შეფასებამ, მათ შორის მუდამ ხელზე რომ იხვევენ, ეუთო/ოდირის დასკვნამაც. იქ ლაპარაკია იმაზე, რომ უფრო მეტად არის წარმოდგენილი ხელისუფლება და ეს სრულიად ბუნებრივია. როგორ წარმოუდგენია ვინმეს ამ ქვეყანაში, რაკი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, დავუშვათ, კენჭისყრამდე ორი თვით ადრე, ამ ორი თვის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ არაფერი აღარ თქვას? მერიის პროექტების შესახებ არაფერი უნდა თქვას მხოლოდ იმიტომ, რომ მერი არის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამჯერად და მმართველი პარტიის მიერაა წარდგენილი დღევანდელი პრემიერი, მთავრობა მმართველმა პარტიამ დააკომპლექტა? ორი თვის განმავლობაში უნდა დავივიწყოთ, რა ხდება ქვეყანაში? მხოლოდ ამ პარტიებს თანაბრად გავუყოთ დრო? თქვენ ხომ ძალიან კარგად გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში როგორ არ გამოიყენა ძალიან ბევრმა პარტიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო. ეს ხომ უზარმაზარი შესაძლებლობაა. მახსოვს კარგად, როგორ ცდილობდა თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური, კონკრეტული პარტიებისთვის „გამოეძალა“ მათი წარმომადგენლები ეთერში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, ფუნქცია. უბრალოდ, მე ერთი რამ არ მესმის, შეიძლება მესმის, მაგრამ არ მინდა, ბოლომდე ყველაფერზე ვილაპარაკო, რატომ არ უნდათ ამ ადამიანებს, რომ საქართველოს ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
არსებობს სხვადასხვა – მე არ ვთვლი, მაგრამ ტელევიზიები ჰქვიათ – ტელევიზიები, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აგიტაციასა და პროპაგანდას ეწევიან. ერთი ნაწილი მეორეს ეძახის პროპაგანდისტებს და უფრო უარეს სიტყვებსაც, მეორე ნაწილი ამათ ეძახის. თუ ერთი არის მმართველი პარტიის აგიტაცია-პროპაგანდის საშუალება, მეორე ტელევიზია, რომლის ჟურნალისტებიც იმ ტელევიზიის ჟურნალისტებს ლანძღავენ, რატომ უჭერთ მმართველ პარტიას მხარსო, თვითონ სხვა პარტიის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებას წარმოადგენენ. ეს არის კატასტროფული სურათი. რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვუყურებთ, არის ქართული ჟურნალისტიკის განადგურება, მოსპობა. ერთადერთი ადგილი, სადაც შენარჩუნებულია ჟურნალისტური სტანდარტი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე იმას კი არ ვამბობ, საზოგადოებრივ მაუწყებელში ანგელოზები მუშაობენ-მეთქი, არა, რა თქმა უნდა. და თქვენ ძალიან კარგად იცით, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პოზიცია. მე უფრო მეტად შემიძლია, ეს საჯაროდ გამოვხატო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსი არ მზღუდავს, როგორც მეურვეს ამ თვალსაზრისით. თქვენ გზღუდავთ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპათიები გამოხატოთ, რადგან ხვალ სხვა პარტიის, იმ პარტიის კონკურენტი პარტიის წარმომადგენელთან უნდა ისაუბროთ. ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებული ხართ. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურსა და მის ჟურნალისტებს მოეთხოვებათ და ვალდებული არიან, არა მხოლოდ მიუკერძოებლები იყვნენ, არამედ თავიანთი მუშაობის დროს აჩვენონ მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი, იმიტომ, რომ სხვადასხვა რესპონდენტთან უწევთ ურთიერთობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ცხვირში არ ურტყამს მიკროფონს იმ რესპონდენტს, რომლის პასუხიც არ მოსწონს. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ მეტ-ნაკლებად კორექტურები არიან პოლიტიკოსებიც, რადგან იციან, რომ ის ცხვირში მიკროფონს არ მიარტყამს. ამიტომ ყველას, პოლიტიკოსსაც, საზოგადოების წარმომადგენელსაც სჭირდება, რომ გაუფრთხილდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის თანამშრომლებს, მის წარმომადგენლებს. აქ ლაპარაკი არ არის, სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ, წარმომადგენლის მიმართ რა დამოკიდებულებას გამოხატავენ. რაც უნდათ, ის გამოხატონ, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე ველზე არ ვმუშაობ. არაერთხელ მითქვამს სხვადასხვა არხზეც და ინტერვიუებშიც, ვისაც პრეტენზია გაქვთ, მიმართეთ სამეურვეო საბჭოს, მენეჯმენტს კონკრეტული პრეტენზიით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხმას არ აუწიოთ ჟურნალისტთან, რომელიც მიკროფონით მუშაობს და ოპერატორთან, რომელიც კამერით მუშაობს აქციაზე, რომლის გაშუქების სურვილიც, რაკი ამ აქციას აწყობთ, თქვენ თვითონ გაქვთ. თუ თქვენ ხელს შეუშლით ჟურნალისტებს და ოპერატორებს, იმუშაონ ნორმალურდ, არ შეუქმნით მუშაობის პირობებს და პირიქით, მიუსევთ აქციის მონაწილეებს ამ ადამიანებს, მაშინ გავეცლებით ჩვენ ამ ველს, თქვენ დარჩებით თქვენს „ბაბლში“ და იმ პროპაგანდის საშუალებებში, რომლებიც მხარს გიჭერენ, რომლებიც არა გამშუქებლები, არამედ აქციების აქტივისტები არიან. ამას ვუყურებთ ჩვენ ახლა და ჟურნალისტების დაპირისპირება ყველაზე მეტად მაწუხებს მე. ერთმანეთის მიმართ გვერდში მდგომები კი არ არიან, დავინახე, „იმედის“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს აქციაზე როგორ ექცეოდნენ აქციის მონაწილეები და სხვა ჟურნალისტები ამას არ იმჩნევდნენ ან ამ ამბის უბრალოდ გადამღები და გამშუქებლები იყვნენ. ეს ხომ არასწორია.
საუბრები, რომ დავიბრუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება. მათ ხომ უკვე მოიპოვეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ რამე უნდა მოიპოვონ, უნდა დაიბრუნონ, რომ ისინი არიან ხალხი, რომ ხალხის ხმა მხოლოდ მათი ხმაა და მეტი არავისი? მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ „წიგნების თაროში“ რომ ბავშვები გამოდიან, ისინი არიან ხალხის ხმა, „აკუსტიკაში“ ვინც მღერის, ისინი არიან ხალხის ხმა, მარი მალაზონიას გადაცემაში ექიმები რომ ლაპარაკობენ და ხალხს რომ ეხმარებიან კონკრეტული სამედიცინო პრობლემების მოგვარებაში, ის ექიმები არიან ხალხის ხმა და არა ის ექიმები, ხმის ჩახლეჩვამდე რომ კივიან აქციებზე, რომ ვიღაცა კვდება, ვიღაც გუშინ მოკვდა, ვიღაც, ნეტავ, გუშინ მომკვდარიყო, დღეს უკეთესად ვიყვირებდიო. მალაზონიასთან რომ ექიმები მოდიან, ისეთები არიან ხალხის ხმა. მგონია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასეთი საქართველო უნდა აჩვენოს და ამ ადამიანებს ტყუილად ჰგონიათ, თავად არიან ხალხის ხმა“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.