ბოლო ტურის ანონსი - C ჯგუფი
ბოლო ტურის ანონსი - C ჯგუფი

ავსტრალია-პერუ
26 ივნისი. სოჭი. სტადიონი “ფიშტი”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: კარასიოვი (რუსეთი)

დანია-საფრანგეთი
26 ივნისი. მოსკოვი. სტადიონი “ლუჟნიკი”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: რიჩი (ბრაზილია)

მორიგი სათამაშო დღე დაიწყება C ჯგუფის მატჩებით. ავსტრალიის ნაკრები შეეცდება გამოიყენოს ბოლო შანსი მერვედფინალში გასასვლელად. ამისთვის მას აუცილებლად სჭირდება პერუს დამარცხება, რომელსაც თეორიული შანსიც აღარ აქვს დარჩენილი.

გარდა ამისა, ავსტრალია დამოკიდებული იქნება პარალელურად მიმდინარე დანიისა და საფრანგეთის მატჩზე. საფრანგეთი უკვე გასულია მერვედფინალში და ფრე სჭირდება პირველი ადგილის გასანაღდებლად. მოგების შემთხვევაში, დანია დაიკავებს პირველ ადგილს, ფრე კი ამ გუნდს მეორე ადგილს მოუტანს. დანიის წაგებისა და ავსტრალიის მოგების შემთხვევაში, ამ გუნდებს შორის ბურთების სხვაობას დაითვლიან.

წინა ტურების მატჩები
დანია-პერუ 1:0
გოლი: 1:0 პოულსენი (59)

საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62-პენ), 2:1 ბეჰიჩი (81-საკ. კარში)

დანია-ავსტრალია 1:1
გოლები: 1:0 ერიქსენი (7), 1:1 იედინაკი (38-პენ)

საფრანგეთი-პერუ 1:0
გოლი: 1:0 მბაპე (34)

ახალი ამბები
დანიას დისკვალიფიცირებული ჰყავს იუსუფ პოულსენი და მას მარტინ ბრეიტვეიტი შეცვლის. ასევე ტოვებს შეხვედრას ვილიამ კვისტი, რომელმაც ჯერ ვერ მოირჩინა პირველ ტურში მიღებული ტრავმა. დიდიე დეშამმა, შესაძლოა, დაასვენოს პოლ პოგბა და ბლეზ მატუიდი, რომლებსაც ყვითელი ბარათები აქვთ. ძირითადში შეიძლება დაბრუნდეს კორენტენ ტოლისო. ავსტრალიის ნაკრების ფორვარდი ენდრიუ ნაბუტი გამოტოვებს შეხვედრას დანიასთან მიღებული ტრავმის გამო. მის ადგილზე პრეტედენტები არიან – ტომი იურიჩი, ჯეიმი მაკლარენი და ტიმ კეჰილი. პერუში ჯეფერსონ ფარფანისთვის დასრულებულია ჩემპიონატი – მან ვარჯიშზე ტვინის შერყევა მიიღო.

ურთიერთშეხვედრები
დანია და საფრანგეთი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ორივეჯერ ეს იყო ჯგუფური ეტაპის მესამე ტური: 1998 წელს საფრანგეთმა 2:1 მოიგო, 2002 წელს, დანიამ – 2:0. დიდ ტურნირებზე ეს გუნდები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და საფრანგეთმა სამი მატჩი მოიგო. 2002 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთმა დანიას ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსი მოუგო და ერთხელ დამარცხდა. ავსტრალია და პერუ აქამდე არ შეხვედრიან ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები
– დანიის ნაკრების კარში გატანილი ფრანგების ბოლო სამი გოლი ოლივიე ჟირუს ეკუთვნის.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდების წინააღმდეგ, დანიას ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი აქვს წაგებული.
– მსაჯებს 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ დაუნიშნავთ პენალტი დანიის ნაკრების სასარგებლოდ.
– კრისტიან ერიქსენმა დანიის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 20 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
– ავსტრალიას მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან ერთი ქულა და ერთი გოლი აქვს.
– ავსტრალიას ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი წაგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე.
– ავსტრალიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი “მშრალად” (1974, ჩილე 0:0).
– ავსტრალიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო სამი გოლი პენალტით გაიტანა.
– პერუს ზედიზედ რვა მატჩი არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე (+0=2-6).
– პერუს ამ ჩემპიონატზე 27 დარტყმა დაუგროვდა, მაგრამ ჯერ გოლი არ აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები
დანია: შმეიხელი – დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი – დილეინი, შიონე – ბრეიტუეიტი, ერიქსენი, სისტო – იორგენსენი.
საფრანგეთი: მანდანდა – სიდიბე, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი – კანტე, ნ’ზონზი – დემბელე, გრიზმანი, ლემარი – ჟირუ.

ავსტრალია: რაიანი – რისდონი, სეინსბერი, მილიგანი, ბეჰიჩი – იედინაკი, მუი – ლეკი, როგიჩი, კრუსი – არზანი.
პერუ: გალიესი – ადვინკულა, რამოსი, სანტამარია, ტრაუკო – ტაპია, იოტუნი – კარილიო, კუევა, ფლორესი – გერერო.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!