ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესი ლიდერობს
ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესი ლიდერობს

ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესი ლიდერობს, თუმცა ამ ეტაპზე ის პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას არ ფლობს.

ბიულეტენების 95 პროცენტის დათვლის შემდეგ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მორალესმა ამომრჩეველთა ხმების 45 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, ექსპრეზიდენტმა კარლოს მესამ კი 38,16 პროცენტი.

ბოლივიის კონსტიტუციის მიხედვით, პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მიიღოს. სავარაუდოდ ბოლივიაში არჩევნების მეორე ტური 15 დეკემბერს ჩატარდება.

ევო მორალესი 2006 წლიდან მართავს ბოლივიას. თუ ის კიდევ ერთი ვადით გაიმარჯვებს, თანამდებობაზე 2025 წლამდე დარჩება.