ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი - საქართველოში ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევაში კერა უფროსები იყვნენ
ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი - საქართველოში ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევაში კერა უფროსები იყვნენ

საქართველოში ახალი კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების ყველა შემთხვევაში კერა უფროსები იყვნენ, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყნის მონაცემებით, ბავშვები ინფიცირებული არიან ოჯახის უფროსი წევრების მიერ და ანალოგიურად არის საქართველოშიც.

„ყველაზე საინტერესო ინფორმაციაა, რომ მსოფლიოშიც, ყველა ქვეყანაში, მათი მონაცემების მიხედვით, ყველა ბავშვი ინფიცირებული იყო ოჯახური კერიდან, ანუ ყველა ბავშვს გადაედო ოჯახის უფროსი წევრებიდან. საქართველოში რა შემთხვევებიც არის, ყველა მათგანში უფროსები იყვნენ კერა. ასე რომ, მინდა, ეს არ იყოს შემაშფოთებელი მოსახლეობისთვის. მინდა, ვუთხრა მათ, თუ ეპიდკერა არ იყო, თუ მშობლებს დადასტურებული არ აქვთ და ისინი კარანტინიდან არ არიან, ასეთ არც ერთ ბავშვს არ დადასტურებია ვირუსი. როცა ვამბობთ, რომ მაგალითად ხუთი შემთხვევაა დადასტურებული, მათ დასადასტურებლად დაახლოებით 20 პაციენტზეა ტესტი ჩატარებული. დანარჩენს ყველას უარყოფითი ჰქონდა“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს ასევე ორი დედმამიშვილი, რომელთაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი.

„მათი კვლევის პირველი დღე დღეს იყო და ამიტომ პნევმონიის ან რამე გართულების კლინიკა ამ ეტაპზე არ გვაქვს. მკურნალობა მიმდინარეობს მხოლოდ ზომიერად გამოხატული ტემპერატურის მომატებით. სხვა არსებითი კლინიკური სიმპტომები არ აქვს. დედაც ამ შემთხვევაში უარყოფითია. ოჯახის დანარჩენ უფროს წევრებს, მამას, ბებიას და ბაბუას აქვთ დადასტურებული ვირუსი. მკურნალობენ სხვა კლინიკაში. მათი ინფიცირების წყარო იყო სომხეთიდან ჩამოსულ პირთან კონტაქტი“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალვინა ჯავახაძემ.

ამასთან, ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალვინა ჯავახაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სულ 13-მდე ბავშვს აქვს დადასტურებული. მათგან შვიდი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.