„ბლუზის“ და „ქრუსეიდერსის“ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
„ბლუზის“ და „ქრუსეიდერსის“ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

„სუპერ რაგბის“ ახალ ზელანდიური ვერსიის, „აოტეაროას“ ბოლო, მე-10 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ოკლენდში, ადგილობრივ „ბლუზსა“ და ნაადრევად გაჩემპიონებულ „ქრუსეიდერსს“ შორის უნდა გაიმართოს, თუმცა აღნიშნულ ქალაქში კორონავირუსის შიდა გადაცემის ოთხი შემთხვევის დაფიქსირების გამო მატჩი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯაკინდა არდერნმა უკვე გამოაცხადა, რომ ოქლენდი მესამე დონის კარანტინს დაუბრუნდა.

თამაში „იდენ პარკზე“ უნდა გამართულიყო და მას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია. მიუხედავად ამისა, შეხვედრის გადადება მაინც დასანანია, მით უმეტეს, რომ მასზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო და „ბლუზს“ სეზონის მიმდინარეობისას სტუმრად განცდილი მარცხისთვის რევანშის აღების შანსი შინ ეძლეოდა.

კლუბების წინა დაპირისპირების საუკეთესო მომენტები


თუკი მომდევნო შაბათ-კვირას ოკლენდი მესამე დონის კარანტინში დარჩება, თამაში გაუქმდება.

„ახალ ზელანდიურმა რაგბიმ“ (New Zealand Rugby), რომელიც ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის მმართველი ორგანიზაციაა, განცხადება გაავრცელა:

„ჩვენ ვაფასებთ შედეგებს იმ ზომებისა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობამ მიიღო. ხელისუფლებასთან ახლო და მუდმივ დიალოგში ვართ და მომდევნო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.“

ბოლო ტურის მეორე მატჩი „ჰაილენდერსს“ და „ჰარიქეინსს“ შორის დანედინში ცარიელ სტადიონზე გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ პირველად, 102 დღის შემდეგ, ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით – ქვეყნის უდიდეს ქალაქ ოკლენდში შიდა გადაცემის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, დაინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და მათ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია. ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.