„ბლუმბერგი“ - ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, თურქეთს იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა და „ეფ-35“-ის პროგრამაში დაბრუნება სურს
„ბლუმბერგი“ - ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, თურქეთს იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა და „ეფ-35“-ის პროგრამაში დაბრუნება სურს

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, თურქეთს იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა და „ეფ-35“-ის პროგრამაში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, თურქეთის სურვილია, მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც ანკარას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს 400“-ის შეძენის გამო დაუწესდა. მედიის ცნობით, თურქეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ შვედეთმა და ფინეთმა აღიარონ მისი შეშფოთება ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებთან დაკავშირებით, როგორც თურქეთში, ასევე სირიასა და ერაყში. ანკარის მოთხოვნის შესაბამისად, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების გარდა, იგივე უნდა გაკეთდეს მასთან დაკავშირებულ ყველა ორგანიზაციასთან მიმართებაში. გარდა ამისა, თურქეთი ითხოვს, რომ შვედეთმა და ფინეთმა, ევროპის რიგ სხვა ქვეყნებთან ერთად, „დაასრულონ იარაღის ექსპორტზე შეზღუდვები, რომელიც მათ თურქეთის წინააღმდეგ 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ შემოიღეს“.