„ბლუმბერგი“ - ანგელა მერკელმა ქერჩის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე აშშ-ს უარი უთხრა
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქერჩის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს უარი უთხრა. ამ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიუნხენის კონფერენციის მსვლელობისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გერმანიის კანცლერს მოუწოდა, ქერჩის სრუტეში ხომალდების გაგზავნით, რუსეთისთვის ეჩვენებინა, რომ დასავლეთს ამ წყლებზე წვდომის შენარჩუნება სურს.
სააგენტოს ცნობით, კანცლერი თავდაპირველად ამ ინიციატივას დათანხმდა. გერმანია საფრანგეთთან ერთად, ხომალდების ერთჯერადად გაგზავნას ფიქრობდა. თუმცა, მოგვიანებით, ანგელა მერკელმა ვიცე-პრეზიდენტის წინადადებაზე უარი თქვა.
როგორც „ბლუმბერგის“ ანონიმი წყაროები აღნიშნავენ, გადაწყვეტილების ცვლილების მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია გახდა, რომელმაც მსგავსი ზომები არასაკმარისად მიიჩნია და სრუტეში მუდმივი გადაადგილების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შედეგად, მსგავს ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე საფრანგეთმაც უარი თქვა.