ბლოხინმა და ბელანოვმა ბოსნიელებს მოუწოდეს, რუსეთთან არ ითამაშონ #1TVSPORT
ბლოხინმა და ბელანოვმა ბოსნიელებს მოუწოდეს, რუსეთთან არ ითამაშონ #1TVSPORT

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ განაცხადა, რომ ოლეგ ბლოხინმა და იგორ ბელანოვმა მიმართეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ფეხბურთელებს, რომ რუსეთთან ამხანაგური მატჩი არ ითამაშონ.

ეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, ფეხბურთის სახლში პირდაპირ ეთერში გაიმართა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

„დღის წესრიგის პირველი პუნქტი, რომელსაც ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, არის მიმართვა ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობისადმი მოთხოვნით, გააუქმოს გადაწყვეტილება რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ, რომელიც 19 ნოემბერს რუსეთშია დაგეგმილი.

პარალელურად, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებმა, „ოქროს ბურთის“ მფლობელებმა ოლეგ ბლოხინმა (1975) და იგორ ბელანოვმა (1986) ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების ფეხბურთელებს თხოვნით მიმართეს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ასეთ მატჩში.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მოუწოდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობას სოლიდარული იყოს მთელი ცივილიზებული საფეხბურთო სამყაროს მიმართ.

„რუსები კი სჯობს მოემზადონ არა ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის, არამედ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ინფრასტრუქტურისთვის. დიდება უკრაინას!“ – წერს პაველკო სოციალურ ქსელებში.