ბიზნესუბიექტებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის გამო პრობლემები შეექმნათ, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების გადავადების შესაძლებლობა ეძლევათ
ბიზნესუბიექტებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის გამო პრობლემები შეექმნათ, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების გადავადების შესაძლებლობა ეძლევათ

ძალაში შევიდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს შექმნილი პრობლემების გამო ბიზნესუბიექტებისთვის სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადებას ან პატიებას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა, რომ საუბარია ბიზნესუბიექტებზე, რომლებსაც პანდემიის დროს საგანგებო ვითარების გამო პრობლემები და შეფერხებები შეექმნათ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების შესრულებაში. კანონში ცვლილებები მათ შესაძლებლობას აძლევთ, ამ საკითხზე სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიმართონ.

„ეს ეხება პრივატიზებას, იჯარებს, მართვის კონტრაქტებს, ქირის გადახდას ანუ ნებისმიერ ურთიერთობას, რომელიც ამ საკითხებთან იყო დაკავშირებული. თუ პირი დაასაბუთებს, რომ მსგავსი ვალდებულებების შესრულებაში მას საგანგებო ვითარების გამო შეექმნა პრობლემა, ჩვენ გვეძლევა უფლებამოსილება, ამ დასაბუთების კვალობაზე მივიღოთ გადაწყვეტილებები გადავადების, პატიების ან მოდიფიცირების შესახებ. ეს კანონი უკვე მოქმედებაშია და უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც ამ მიმართულებით პრობლემები შეექმნათ, შეუძლიათ, მიმართონ ქონების მართვის სააგენტოს და ისარგებლონ კანონის ამ ნორმებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.