ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა, ბიორნ იონსემა უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქართული გუნდი სტუმრად ყაზახურ „ორდაბასთან“ გამართავს.
„ქუთაისშიც ცხელა, მაგრამ აქ სუნთქვაც კი გვიჭირს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც ადრე ჩამოსვლაში დაგვეხმარა — აკლიმატიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მახსოვს, წინა წელს „ჩელსი“ ალმატიში ჩავიდა და ნახეთ, როგორი რთული იყო ლონდონელებისთვის სიცივეში თამაში. ახლა ზაფხულია, ამინდი სრულიად განსხვავებულია, შესაბამისად — თამაშის სტილიც. ასეთ სიცხეში თამაში ყოველთვის ისეთი დინამიკური არ არის, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ.
მატჩს, დიდი ხანია, ველით და ვფიქრობ, სათანადოდ მოვემზადეთ. რაც შეეხება შედეგს — ჩვენთვის მთავარია შემდეგ ეტაპზე გასვლა, ამისთვის ნებისმიერი შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება“, – განაცხადა იონსენმა.
კონფერესლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „ორდაბასსა“ და „ტორპედოს“ შორის 17 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირველ შეხვედრაში ქუთაისელებმა 4:3 გაიმარჯვეს.