ბილ გეიტსის კომპანიამ მზის სინათლისგან 1000 გრადუსი ტემპერატურა მიიღო — იმედისმომცემი ტექნოლოგია მრეწველობაში
ბილ გეიტსის კომპანიამ მზის სინათლისგან 1000 გრადუსი ტემპერატურა მიიღო — იმედისმომცემი ტექნოლოგია მრეწველობაში

ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებული ახალი სტარტაპი აცხადებს, რომ მოახერხეს მზის ენერგიის იმდენად ეფექტიანად შეგროვება, როგორც ამ დრომდე ვერავინ შეძლო. სარკეებიანი პანელებით მათ იმდენი სიცხე გამოიმუშავეს, რომ საკმარისი აღმოჩნდა ცემენტის, ფოლადისა და მინის წარმოებისათვის. როგორც წესი, ამ პროცესებისათვის მსოფლიოში დღეს წიაღისეულ საწვავს იყენებენ.

თანამედროვეობის შესაბამისად, ამ ჭარბი სიცხისა და ეფექტიანობის მიღწევა შესაძლებელი გახდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. საქმე ეხება კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც სარკეებს ისეთ განლაგებას აძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი მზის სინათლე მიიღოს ყველაზე ინტენსიური გზით.

კომპანიას „ჰელიოჯენი“ ჰქვია და როგორც ის აცხადებს, მათ მიერ ფოკუსირებულ სინათლის ნაკადებს მზის ღუმელის გაცხელება 1000 გრადუს ცელსიუსამდე შეუძლია. ასეთი რამ კომერციული მასშტაბით ამ დრომდე არავის გაუკეთებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზის ენერგიას არა მხოლოდ ელექტროენერგიის მიღება, არამედ მრეწველობაში წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებაც შეუძლია.

„ჰელიოჯენის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ბილ გროსის განცხადებით, მსოფლიოს ძალიან ცოტა დრო აქვს, რათა დრამატულად შეამციროს სათბურის აირების გამოყოფა. მისი თქმით, მსოფლიომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ელექტროსისტემებში სუფთა ენერგიის მიღებაში, მაგრამ ელექტროენერგიაზე გლობალური ენერგიის მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედი მოდის.

გროსი ამბობს, რომ „ჰელიოჯენი“ წარმოადგენს ტექნოლოგიურ წინგადადგმულ ნაბიჯს, რომლის მიზანია, მონახოს დანარჩენი 75 პროცენტი ენერგიის მიღების გზები. ამ ენერგიის დიდი ნაწილს მრეწველობა და ტრანსპორტი წიაღისეული საწვავიდან იღებს. მისი თქმით, იაფი, ულტრამაღალი ტემპერატურის სიცხით, მათ შესაძლებლობა აქვთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კლიმატის კრიზისის აღმოფხვრაში.

კონცენტრირებული მზის ენერგიის სადგურით ენერგიის წარმოება ახალი იდეა არ არის, მაგრამ „ჰელიოჯენმა“ შეძლო საკუთარი სისტემებით მიეღო ამჟამად შესაძლებელზე ორჯერ მაღალი ტემპერატურა.

პროცესში ჩართულია ხელოვნური ინტელექტი. მაღალი რეზოლუციის კამერები აკონტროლებს თითოეული სარკის პოზიციას, მათ კი მართავს კომპლექსური ალგორითმი, რომელიც მათი დახრის კუთხის ოპტიმიზებას ახდენს.

„ჰელიოჯენი“ დარწმუნებულია, რომ საკუთარი სისტემებით 1500 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის მიღწევაც შეუძლია. ეს კი სრულიად საკმარისია წიაღისეულის ჩამნაცვლებელი საწვავის შესაქმნელად; მაგალითად, იგულისხმება CO2-ისა და წყლის დაშლის პროცესებით სინთეზური გაზისა და წყალბადის მიღება.

წყალბადის საწვავი უკვე დიდი ხანია მიიჩნევა ტრანსპორტისთვის საჭირო სუფთა ენერგიად, სინთეზური გაზის გარდაქმნა კი შესაძლებელია სითბოდ ან ბიოსაწვავად. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს მათი პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გზით წარმოება.

სითბოს მწარმოებელ წიაღისეულ საწვავზე მოდის გლობალური CO2-ის გამოყოფის დაახლოებით 10 პროცენტი. „ჰელიოჯენის“ სისტემა მართლაც იმედისმომცემია, რომ შევამციროთ ჩვენი საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გაშვებული ნახშირორჟანგის ოდენობა.

ამ ყველაფერს კი მასშტაბების გაფართოება სჭირდება, რისთვისაც თავის მხრივ საჭიროა უფრო მეტი ინვესტიცია. ასევე გადამწყვეტია ვიპოვოთ არამზიანი დღეებისთვის საჭირო ენერგიის შენახვის გზა.

რა თქმა უნდა, არ არსებობს იმის ილუზია, რომ წიაღისეული საწვავის ხმარებიდან სრულად ამოღება მალე მოხდება, მაგრამ „ჰელიოჯენის“ იმედისმომცემ ტექნოლოგიას ამ მიზანთან კიდევ უფრო ახლოს მივყავართ.

მომზადებულია businesswire.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი