ბიძინა კულუმბეგოვი - დარწმუნებული ვარ, ადამიანების დიდი ნაწილი ვაქცინაციაზე კიდევ ყოყმანობს, ეს არის ის საკითხი, სადაც შეგვიძლია ჩართვა
ბიძინა კულუმბეგოვი - დარწმუნებული ვარ, ადამიანების დიდი ნაწილი ვაქცინაციაზე კიდევ ყოყმანობს, ეს არის ის საკითხი, სადაც შეგვიძლია ჩართვა

დარწმუნებული ვარ, დიდი ნაწილი, 400 000 – 500 000 ადამიანი არის, ვინც ვაქცინაციაზე კიდევ ყოყმანობს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„საერთოდ, ვაქცინების მიმართ არის რეზისტენტობა და მეორე მხრივ, არის ყოყმანი. აი, ყოყმანი არის სწორედ ის საკითხი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩართვა. რეზისტენტულ და შეუვალ ადამიანთან შეიძლება, ბევრი დრო არ დავხარჯოთ. იმიტომ, რომ ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ჩვენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ იცის კი, რის გამო ამბობს უარს ვაქცინებთან დაკავშირებით? ამის სრულფასოვანი კვლევაც კი არ არის. ჩვენ ფრაგმენტული კვლევები გვაქვს. საქსტატის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევაში, რომელიც მედიაში იყო გავრცელებული, თითქოს, იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელიც ვაქცინაზე უარს ამბობს, მთავარ მიზეზად ასახელებს უშვილობასთან დაკავშირებულ შიშებს და მეორე მხრივ, არის სიკვდილთან დაკავშირებული შიშები. ამიტომ, ეს პრობლემები უნდა გამოვავლინოთ და შესაბამისად, მას სწორად უნდა დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, დეზინფორმაციის განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენ ვიცით, როგორი საინფორმაციო შტურმის წინაშე ვართ. თუ სწორ და ასე ვთქვათ, რაციონალურ ინფორმაციას არ დავდებთ, იქ უკვე ჩნდება დეზინფორმაცია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, სად იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩავარდნა, დაგვიანება და არასათანადო მოქმედება, რამაც ვაქცინაციის დღევანდელ მაჩვენებლებამდე მიგვიყვანა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვაქცინაციის კამპანიის პროაქტიური მოქმედება არ გააკეთა.

„გვესმის, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი თავისებურებები აქვს. მაგალითად, მინდა გითხრათ ევროკავშირი, სადაც გაანალიზდა, სად, რომელ სეგმენტშია ვაქცინებისადმი ყოყმანი და აღმოჩნდა, რომ ვაქცინებისადმი უნდობლობა მეტია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ დაბალი, საშუალო განათლება და საერთოდ, განათლების დაბალი დონე. ასევე მეტია უნდობლობა უმუშევარი ადამიანების სეგმენტში და ასე შემდგომ. ჩვენ ქვეყანაში ვიცით, ეს რა გავლენების გამო ხდება, ძირითადად. იგივე რელიგიური კომპონენტის ნაწილი ხომ არ უნდა გამოვრიცხოთ?! ამას ხომ უზარმაზარი გავლენა აქვს, როდესაც ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ერთი მხრივ ამბობს, ამ საკითხში არ ვერევი, რადგან ეს ის საკითხია, რომელშიც ჩვენ ვერ ვერკვევით. ეს ნამდვილად ასეა და ამ პოზიციას მივესალმები, მაგრამ მეორე მხრივ, ამ გაურკვეველ სიტუაციაში ეკლესიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ადამიანებს ეუბნება, ეს ვაქცინები არ გაიკეთოთო, რისი მაგალითებიც ბევრი დევს. ამიტომ, სახელმწიფოს პირველ რიგში რაც დააკლდა, იყო ის, რომ არ იყო პროაქტიური მოქმედება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, პროაქტიური მოქმედების კლასიკური მაგალითია წინასაარჩევნო კამპანია, როცა მომართულია მთელი სახელმწიფო მანქანა.

„არ შეიძლება, წარმატებული კამპანია მხოლოდ ერთმა სტრუქტურამ, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთოს, ან დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა. აქ ყველა ისე უნდა იყოს ჩართული, როგორც დღეს არჩევნების პროცესში არიან ჩართული, დაწყებული საინფორმაციო კამპანიიდან, თავისი ყბადაღებული ბანერებით, თვითონ უშუალო მონაწილეობით, ყველა რაიონში ჩასვლით და ასე შემდეგ, აი, ეს დააკლდა, ბუნებრივია და კიდევ ერთხელ, საზოგადოებასთან სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია, სადაც იქნებოდა დეზინფორმაციის მაქსიმალური განეიტრალება, რომელიც ზღვად მოედინება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეკითხვაზე, როგორი სურათი შეიძლება გვქონდეს წლის ბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის იმუნიზაციის გეგმა არ შესრულდა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, სურათი დრამატული იქნება.

„ამას პირდაპირ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაპოპულარული განცხადებაა, რადგან ამდენ ტალღებზე საუბარი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ სიამოვნებს და ამის აბსოლუტური მიუღებლობა აქვს. ხედავთ, როგორი თავდასხმებია ჩვენ მიმართ, ვინც მხარს ვუჭერთ ამ პროცესს და პირველ რიგში, ვაქცინაციას, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ამას გავუძლებთ. იმიტომ, რომ ჩვენ, ექიმები საკუთარ თავთან და ღმერთთან მართლები ვართ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დატოვე კომენტარი