ბიძინა ივანიშვილი - ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა
ბიძინა ივანიშვილი - ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა

ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა, – განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით  და მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქ კითხვები არ დასმულა. ეს არის ჩვენი არჩევის ობიექტური შეფასება. ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა.  როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.