ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ბახტაძე კულტურული ფორმით წავიდა თანამდებობიდან, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ბახტაძე კულტურული ფორმით წავიდა თანამდებობიდან, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში

მინდა, საზოგადოებასთან პირდაპირ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის და კულტურული წასვლისთვის თანამდებობიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა საკუთარი სურვილით.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირა დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი. მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა, მე პირადად. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან. ბახტაძე საკუთარი სურვილით გადადგა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა კულტურული ფორმით, კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი, დანარჩენი პროცესები ჩაირთო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავის სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასევე კულტურული წასვლისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა.  როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.