„ბიბისი“ – ვლადიმერ პუტინი ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

00:52, 29.08.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება, – ამის შესახებ დასავლურ ქვეყნებში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ წყაროები მიიჩნევენ, რომ მოსკოვის ბოლო გაფრთხილებები, მათ შორის განცხადებებში იმის შესახებ, რომ მომავალში, შესაძლოა, ბრიტანეთის სამხედრო ძალებზე ან ქვეყნის იარაღის მწარმოებელ ქარხნებზე თავდასხმა განხორციელდეს, „ახალი არაფერია“.

მათი შეფასებით, ეს განცხადებები რუსეთის სამხედრო დოქტრინას შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი დასავლეთზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს.

დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მტრული რიტორიკა ასევე ასახავს მზარდ ზეწოლას, რომელსაც პუტინი ქვეყნის შიგნით განიცდის და რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის ჯარის ნელ და ძვირად ღირებულ წინსვლასთან, ასევე უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებთან.

დასავლელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს „ჰიბრიდულ აქტივობას“, რომელიც პირდაპირ სამხედრო მოქმედებებს არ მოიცავს, მათ შორის, კიბერთავდასხმებს, დივერსიებსა და მკვლელობის მცდელობებსაც კი.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ნატო-ს რამდენიმე ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების სერიის უკან რუსეთის შესაძლო ჩართულობას ეჭვობენ.

მედიის წყაროების თქმით, პუტინს „მაქსიმალისტური მიზნები არ შეუცვლია“, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით მზარდი უკმაყოფილების გარკვეული ნიშნები შეინიშნება.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, შესაძლოა, რუსეთის გაფრთხილება ყოფილიყო ევროატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყანაზე შესაძლო თავდასხმის თაობაზე.

მსგავსი