იტალიაში აუცრელი ბავშვები სკოლაში ვერ ივლიან. ტელეკომპანია „ბიბისი-ს“ ცნობით, ბავშვების მშობლებს მოუწევთ დამტკიცება, რომ მათ შვილებს ყველა ვაქცინა გაკეთებული აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სკოლაში არ დაიშვებიან.
თუ მშობელი აუცრელ ბავშვს სკოლაში მაინც გაუშვებს, ჯარიმის სახით 500 ევროს გადახდა მოუწევს. სკოლებს და ბაღებს უფლება ეძლევა, ექვს წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვები გარიცხონ.
ახალი კანონის მიხედვით, სკოლაში მისვლამდე ბავშვებს ყველა აუცილებელი ვაქცინა უნდა ჰქონდეს გაკეთებული. მათ შორის, ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა ყბაყურა, წითელა, ჩუტყვავილა და პოლიომიელიტი.
ახალი კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია ვერ შეასრულა და ვაქცინირებულთა რაოდენობამ 80%-ზე ნაკლები შეადგინა.
იტალიაში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ დებატები ერთ თვეზე მეტია, ინტენსიურად მიმდინარეობს. გასულ თვეს რომში ლეიკემიისგან განკურნებულ ბავშვს სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდა, რადგან ამავე კლასის მოწაფეების უმეტესობას სავალდებულო ვაქცინები არ ჰქონდათ გაკეთებული.