„ბი ბი სი“- პრემიერლიგის კლუბები სატელევიზიო უფლებების მფლობელებს 340 მილიონ ფუნტ სტერლინგს დაუბრუნებენ
„ბი ბი სი“- პრემიერლიგის კლუბები სატელევიზიო უფლებების მფლობელებს 340 მილიონ ფუნტ სტერლინგს დაუბრუნებენ

პრემიერლიგა იძულებული გახდება, ტელემაუწყებლებს შემოსავლების ნაწილი დაუბრუნოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სეზონი გაგრძელდება, ხოლო ჩემპიონატი თუ არ დასრულდება, ისინი ბევრად მეტ ზარალს განიცდიან – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯერაც გაურკვეველია, ინგლისში საფეხბურთო სეზონი როგორ გაგრძელდება. ერთი მხრივ, მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო ივნისში სეზონის განახლებას, მაგრამ ნეიტრალურ სტადიონებში მატჩების ჩატარების წინაპირობით. თავის მხრივ, არიან კლუბები, რომლებსაც საშინაო თამაშების სხვა არენაზე ჩატარება არ სურთ.

სანამ მხარეები შეთანხმებას და მიმდინარე სეზონის გადარჩენას ცდილობენ, ფინანსური პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. BBC- ის ცნობით, პრემიერ ლიგის კლუბებს ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე აცნობეს, რომ ისინი იძულებულნი იქნებიან 340 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუბრუნონ ტურნირის სამაუწყებლო უფლებების მფლობელებს – ეს იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ტურნირი განახლდეს.

სამაუწყებლო კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი ტურნირის განრიგის შეცვლა და მატჩების უმაყურებლოდ ჩატარებაა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე უარესი ვარიანტი. იმ შემთხვევაში, თუ კლუბები, ლიგა და მთავრობა ვერ შეძლებენ საბოლოოდ შეთანხმებას სეზონის გაგრძელებაზე, ზარალი მინიმუმ 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იქნება.

„ჩვენ კლუბებს ვაცნობეთ სამაუწყებლო კომპანიებთან არსებული ვითარება. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბებისთვის ფინანსური ზარალი ძალიან შესამჩნევი იქნება“, – თქვა პრემიერ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმა.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კლუბებმა ტელემაუწყებლებთან სამწლიანი კონტრაქტი (2019-2022) გააფორმეს და 340 მილიონი არც ისე სერიოზული ზარალი იქნება. სატელევიზიო მაუწყებლებმა ამ პერიოდში ლიგას და კლუბებს 9.2 მილიარდი ფუნტი უნდა გადაუხადონ.