ბესო ნამჩავაძე - ანაკლიის პროექტთან მიმართებაში მთავრობა თავისი ვალდებულებების შესრულებას აჭიანურებს
ბესო ნამჩავაძე - ანაკლიის პროექტთან მიმართებაში მთავრობა თავისი ვალდებულებების შესრულებას აჭიანურებს

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ  „თიბისი ბანკით“ დაწყებული საკითხი მნიშვნელოვანწილად ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა, შეიძლება, პირველი მიზეზიც იყო, რომ პროექტს პრობლემები შექმნოდა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ბესო ნამჩავაძემ განაცხადა.

ბესო ნამჩავაძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობს.

ექსპერტის თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო პერიოდში ბევრი ნეგატიური განცხადება გაკეთდა, რომლებიც პროექტს ორი გარემოების გათვალისწინებით უშლის ხელს.

„ერთია, რომ მიმდინარეობს გამოძიება ანაკლიის პორტის დამფუძნებლების წინააღმდეგ, რაც აზიანებს ინვესტორებში ნდობას. მეორე – მთავრობა თავისი ვალდებულებების შესრულებას აჯანჯლებს ამ პროექტთან მიმართებაში. ეს არის რკინიგზისა და გზის პროექტი, რომლის დაწყება აუცილებელია და ტენდერი სამჯერ არ შედგა. ცოტა გაუგებარია, როდესაც საგზაო დეპარტამენტს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ტენდერების ჩატარების, გზის აშენება თუ რკინიგზის მიყვანა, რატომ ხდება, რომ ისე ვერ მოაწყვეს ტენდერი, ეს ყველაფერი გაკეთებულიყო“, – განაცხადა ექსპერტმა.

ბესო ნამჩავაძის თქმით, ბოლო ტენდერში წარდგენილ ხუთივე კომპანიას სხვადასხვა მიზეზით დისკვალიფიკაცია მიეცა და თებერვლის ბოლოს პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომლის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ტექნიკურად, რამაც სულ მცირე, შეიძლება, პორტის მშენებლობის დაწყება გადაავადოს. ამას თუ დავურთავთ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ იქ არაფერი გაკეთებულა, რომ ვალდებულებებს ვერ ასეულებს ანაკლიის კონსორციუმი და მთელ ამ ორკესტრირებულ შეტევას ხაზარაძე-ჯაფარიძეზე, ტროლებით დაწყებული, სოციალური მედიით დასრულებული, ყველაფერი თეთრზე შავით ჩანს“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, ბესო ნამჩავაძემ განაცხადა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე „ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, სტუმრებს პორტში ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ექსპერტების თხოვნით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. კომენტარები მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა.