ლევან ახვლედიანი - დარწმუნებული ვარ, ბანკები, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მთავრობა კომპრომისულ ვარიანტს გამოვნახავთ
ლევან ახვლედიანი - დარწმუნებული ვარ, ბანკები, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მთავრობა კომპრომისულ ვარიანტს გამოვნახავთ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კონსორციუმის დირექტორმა სტუმრებს პორტში ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ფინანსური საკითხის დასახურად საჭიროა, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ რვა პუნქტიანი სია დროულად შესრულდეს.

ახვლედიანის თქმით, ბანკების ერთ-ერთი მოთხოვნაა ტვირთბრუნვაზე სახელმწიფოს გარანტორად დადგომა.

„ბანკებმა უკვე გამოგზავნეს განახლებული, უფრო დეტალურად ჩაშლილი სია, რომელიც გადაეგზავნა მთავრობას. კიდევ ერთი პუნქტის გაგზავნა დარჩათ, რომელსაც უახლოეს დროში წარუდგენენ მთავრობას. ალბათ, ამის შემდეგ მომდევნო შეხვედრა დაიგეგმება, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში შედგება. აღნიშნული რვა პუნქტი დარჩა, რომელზეც უნდა მოველაპარაკოთ მთავრობას, რათა შევძლოთ ფინანსურად დახურვა და მშენებლობის მეორე ეტაპზე გადასვლა“, – განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ მთავრობა, კონსორციუმი და ბანკები შეთანხმებას მიაღწევენ.

„რაც შეეხება გარანტიას, ბანკები გვანდობენ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას 400 მლნ აშშ დოლარს. მე ჯერჯერობით, ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ჩვენ და ბანკები გამოვნახავთ კომპრომისს და შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება სამივე მხარისთვის“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით პორტს პრობლემა არ ექნება და ამ მხრივ, ძალიან დადებითი პროგნოზებია.

„მთავარი პრობლემა არის, რომ აშენდეს ეს პორტი. ბანკები არიან კონსერვატიული ორგანიზაციები, ისინი ითხოვენ ასე ვთქვათ, ამ გარანტიას, დაზღვევას რისკების, რამაც შეიძლება, მომავალში რამე პრობლემა შექმნას, თუმცა არა იმიტომ, ვთქვათ, პორტი ცუდად მუშაობს, არამედ იმის გამო, რომ არის გეოგრაფიული, პოლიტიკური, სხვა მაკროეკონომიკური რისკები, რომელიც ჩვენი და ამ ორგანიზაციების ხელში არ არის. შესაბამისად, ამ რისკების დამზღვევი ერთადერთი ორგანიზაცია არის სახელმწიფო და ზუსტად ამ რისკების გადანაწილებას თხოვენ მთავრობას“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ამის მექანიზმებზე ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბანკები, ჩვენ და მთავრობა რაღაც კომპრომისულ ვარიანტს გამოვნახავთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კითხვაზე, პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საკითხზე გამოძიების დაწყების შემდეგ პროექტისთვის რამე შეიცვალა თუ არა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ როგორც გამოძიება, ისე პოლიტიკური განცხადებები პროექტისთვის დამაზიანებელია და შესაძლოა, ინვესტორების გადაწყვეტილებაზეც უარყოფითად იმოქმედოს.

„პირდაპირ გეუბნებით, თვითონ პროექტისთვის ეს დამაზიანებელია. ინვესტორები, რომლებიც გვყავს შემოკრებილი, ამ ბანკების ჩათვლით, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ აცხადებენ, მაგრამ ეს ასეა, მათ ადარდებთ არსებული დამოკიდებულება ჩვენს სპონსორებსა და მთავრობას შორის.  თუ ეს დროზე არ გადაწყდა, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, მათ ძალიან გაუჭირდებათ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. ეს არის, რა მესიჯიც მაქვს დღეს”, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა.

შეხვედრა არასამთავრობოებთან და ექსპერტებთან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. კომენტარები მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა.