ბესიკ ხაჭიპერაძე „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ბესიკ ხაჭიპერაძე „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა

წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა. გამოცდილი სპეციალისტი, მწვრთნელთა „ა“ ლიცენზიის მფლობელი კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს. კლუბისთვის ფინანსურად ურთულეს წლებში იყო გუნდის კაპიტანი და წამყვანი ფეხბურთელი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბესიკ ხაჭიპერაძე „სამგურალი 2“-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მერე იყო „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ბოლოს, კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პროგრამას ხელმღვანელობდა და პარალელურად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციებსაც ასრულებდა.

საფეხბურთო კარიერის დროს ბესიკ ხაჭიპერაძე „სამგურალის“ გარდა თამაშობდა მოლდოვურ „ნისტრუში“, თბილისის „თბილისში“ , ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, ტყიბულის „მეშახტეში“, გორის „დილასა“ და ცხინვალის „სპარტაკში“ . მან საფეხბურთო კარიერა „სამგურალში“ დაასრულა და მას შემდეგ გუნდის სამსახურშია.

„ჩემთვის ამ პოზიციაზე მუშაობა ახალი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. „სამგურალი“ ჩემთვის მეორე ოჯახია, საფეხბურთო კარიერა აქ დავასრულე და სამწვრთნელო კარიერაც წყალტუბოში დავიწყე. კლუბთან ერთად არაერთი რთული წელიწადი გამოგვივლია, დღეს, საბედნიეროდ, გუნდი სხვა გამოწვევების წინაშეა, კლუბის ხელმძღვანელობას ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს და სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდეს. იმედი მაქვს, ამ საქმეში მოკრძალებულ წვლილს ჩემი საქმიანობითაც შევიტან“, – ამბობს ბესიკ ხაჭიპერაძე.