ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - დავით ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო | მინსკი 2019 [ვიდეო]
მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მესამე ადგილისთვის შეხვედრა და შესაბამისად ბრინჯაოს მედალი მოიგო ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა. 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის „მცირე ფინალში“ მან 0:3 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში გათანაბრება შეძლო და ბოლოს აღებული ქულის წესით, საქართველოს დელეგაციას 27-ე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კი პირველი მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში გუშინ მოასპარეზე სამი ქართველიდან ერთი, შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) ფინალშია, სადაც ოქროს მედლისთვის რუსეთის ნაკრების წევრს – ზაურ კაბალოევს რამდენიმე წუთში დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკის დაწყებამდე დღესვე ტურნირში დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაებნენ. იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მასპინძელთა ფალავანი, კირილ ჰრიშჩანკა იქნება. მეოთხედფინალამდე მივიდა, იქ კი ბელორუსი რადზიკ კულიეუს ბარიერი ვერ დაძლია ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.). ამის შემდეგ ფინალში ფინალში გასვლა ვერც კულიეუმ მოახერხა და ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა.ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ტურნირში დღეს ჩართული კიდევ ერთი ქართველი რევაზ ნადარეიშვილი(97 კგ.). იგი პირველივე შეხვედრაში ტიტულოვან სომეხ სპორტსმენს, არტურ ალეკსანიანს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით -1:2 დამარცხდა. ალეკსანიანმა წარმატებით იასპარეზა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში და ნადარეიშვილს ბრინჯაოს მედლის აღების იმედი დაუტოვა. დამამშვიდებელ რაუნდში ქართველი ავსტრიის ნაკრების წევრს, დანიელ გასტლს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ბექა როყვას გუნდისთვის მორიგი მედლის მოსაპოვებლად რეზო რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრ გოლივინს დაუპირისპირდება.
ამ წონითი კატეგორიების დამამშვიდებელი რაუნდი სტარტს ხვალ, 30 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს. აქედან ერთ საათში კი მედლები გათამაშდება.