ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძეს პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT
სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თითოეულ წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის დარჩენილი 3-3 საგზური გათამაშდება. გუშინ, 9 მაისს ლიცენზიის მოსაპოვებლად ხუთმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა, რომელთაგან პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური რამაზ ზოიძემ (67 კგ) მოიპოვა – ქართველმა ნახევარფინალში ჩინელი მოჭიდავე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის ფინალისტებმა ოლიმპიადის საგზურები პირდაპირ გაინაღდეს. ქართველმა ფალავნებმა იური ლომაძემ (77) და ლაშა გობაძემ (87), რომლებიც გუშინ ნახევარფინალში დამარცხდნენ, დღეს ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს. გობაძემ შვედი კესიდისის დამარცხება მოახერხა, ლომაძემ კი ამერიკელ მოჭიდავესთან წააგო და ე.წ „ბრინჯაოს ფინალში “ ვერ გავიდა. გობაძე კი ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად პოლონელ სპორტსმენს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გახდება, ვინც პარიზში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ლიცენზიებისთვის სპორტსმენები 11-12 მაისს იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).
აღსანიშნავია, რომ დღემდე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ხუთ ქართველ მოჭიდავეს აქვს მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს და რამაზ ზოიძეს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.