ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ფალავნებმა ხუთი მედალი მოიპოვეს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს 97 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელია ფინალში ფინელ არვი სავოლაინენთან 3:5 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
82 კგ წონით კატეგორიაში კი მესამე საპრიზო ადგილზე აივენგო რიკაძე გავიდა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრელი ტამაშ ლევაი შედეგით 4:2 დაამარცხა. ბოლო დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რამაზ ზოიძესაც ჰქონდა, მაგრამ მან შეხვედრა უკრაინელ მაქსიმ იევცუშენკოსთან დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დათმო.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 5 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედლებს ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), ხოლო ბრინჯაოს აივენგო რიკაძე (82 კგ) დაეუფლნენ.