ბერდია სიჭინავა – მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, გახარიაზე თავდამსხმელებსა და ორგანიზატორს შესაბამისი პასუხი გაეცემა
მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, გახარიაზე თავდამსხმელებსა და ორგანიზატორს შესაბამისი პასუხი გაეცემათ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა.
„მოგესალმებით! როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა ათამდე პირი. სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ. გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში. ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.