ბექაური ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა იჭიდავა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას იაპონელი სანშირო მურაოს წინააღმდეგ გამართავს. ლაშა ბექაურმა ერთი იაპონელი ძიუდოისტი დღეს უკვე დაამარცხა – 1/4 ფინალში მან კოსუკე მაშიამუს სძლია.

რაც შეეხება 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიას, აქ საქართველოს ორი მონაწილე გვყავდა: ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე და ასევე ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი.

ლუკა მაისურაძემ შეჯიბრი მეორე წრიდან დაიწყო და, მექსიკელი ფროკერ ტინტოსის ძლევის შემდეგ, აზერბაიჯანელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი მურად ფატიევიც დაამარცხა, შემდეგ კი უნგრელ რობერტ რაჯკაისთან დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე თანაგუნდელ ტატო გრიგალაშვილს სძლია.

რაც შეეხება გრიგალაშვილს, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ტატამზე მეორე წრიდან გამოვიდა და სასტარტო პაექრობაში ჰოლანდიელ კოენ ვან ვინდენს სძლია, 1/4 ფინალში კი იაპონელ ჰირომასა კასაჰარასთან წააგო.

გოგონათა შეჯიბრზე დღეს 70 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა მარიამ ჭანტურიამ სასტარტო შეხვედრაში ამერიკელი ჯულია სიმონიანი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ბრაზილიელ ელენ სანტანასთან იპონით წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა.