ბექა ოდიშარია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით იმდენად დიდი პასუხისმგებლობით აღსავსეა, არ მგონია, რაიმე ზეწოლას ჰქონოდა ადგილი
ბექა ოდიშარია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით იმდენად დიდი პასუხისმგებლობით აღსავსეა, არ მგონია, რაიმე ზეწოლას ჰქონოდა ადგილი

გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ არის იმდენად დიდი პასუხისმგებლობით აღსავსე, რომ არ მგონია, რაიმე ზეწოლის ქვეშ მოეხდინათ, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია პატრიარქის დღევანდელ განცხადებას.

საუბარია უწმინდესის ქადაგების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, ზეწოლის შედეგად გააუქმეს.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ადამიანები, ვინც მარიხუანაზე გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ არ არიან თანახმა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ“.

„ეს არის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა, ეს არის ამ ადამიანების თავისუფალი გადაწყვეტილება. ჩემთვის პატრიარქის თითოეული გამონათქვამი ნიშანდობლივია, საპატივცემულოა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მაქვს არანაირი სხვა ინფორმაცია გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც გამოააშკარავა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, რომელიც ფაქტობრივად მარიხუანას მოხმარებას ლეგალიზებულს ხდის, პატრიარქის მსგავსად, არც ბექა ოდიშარია მიესალმება.

როგორც მან განმარტა, კანონმდებლები ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან, თუმცა მკაცრ რეგულაციებს დააწესებენ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ახლა პარლამენტის ხელთაა.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არანაირი დადებითი ემოცია არ მქონია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თუმცა მიმაჩნია, რომ ახლა დადგა სწორედ დრო, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ უნდა გამოიყენოს ის სივრცე, რომელიც დატოვა საკონსტიტუციო სასმართლომ თავისი გადაწყვეტილებით და რაც შეიძლება მკაცრი შეზღუდვები დააწესოს იმისთვის, რომ დაბალანსდეს კერძო და საჯარო ინტერესი.

რაც მთავარია, დაცული იქნეს მოზარდების უფლებები, საზოგადოების უფლება და მართლწესრიგი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია იაფფასიანი პოპულიზმი და აგრესიული პროპაგანდა, ბუნებრივია აყოლა ამ პროპაგანდაზე შეცდომაა, ბუნებრივია ახალგაზრდა ასაკში მოზარდებისთვის ასეთი ტიპის პროპაგანდის წარმოება შეცდომაა. თუმცა, ჩვენ ვართ კანონმდებლები და უნდა დავემორჩილოთ იმ გადაწყვეტილებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც აღვნიშნე, რეგულაციები იქნება მკაცრი და მყისიერი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ჯარიმები მიმდინარე კვირაში, 30 ივლისს გააუქმა. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ სარჩელი დააკმაყოფილა.

 

დატოვე კომენტარი