ბექა ოდიშარია - მორალსა და ვაჟკაცობაზე ნიკა მელია მელაპარაკება მე, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გასაჭირიდან სხვისი გამოხსნით ვიყავი დაკავებული
ბექა ოდიშარია - მორალსა და ვაჟკაცობაზე ნიკა მელია მელაპარაკება მე, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გასაჭირიდან სხვისი გამოხსნით ვიყავი დაკავებული

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

ოდიშარიას თქმით, უმჯობესია, ნიკა მელიამ სცენების გათამაშება დაასრულოს.

„კლოუნადას და რაღაც მიზანსცენების გათამაშებას უნდა მორჩნენ. რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო იმ ადამიანზე, რომელიც მორალზე, ვაჟკაცობაზე და ადამიანის დაჭერაზე მელაპარაკება მე, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე იმით ვიყავი დაკავებული, რომ სხვა გასაჭირიდან გამომეხსნა. ეს არის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე, უშიშროების გამომძიებელი იყო, პრობაციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო, აღსრულების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, საკუთრების, სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული და ამ ყველაფერს მე მეუბნება? მას პასუხი ერთხელ გავეცი, იმ ცნობილი კლოუნადის დროს, სანამ ის კარი დაიკეტებოდა. კარი რომ დაიკეტა, მან თავისი როლი განაგრძო და იყოს ამ როლში და მიმაჩნია, რომ ამ სპექტაკლებისგან უნდა გავთავისუფლდე“ ,- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ ახლა შესასრულებელი რჩება კიდევ ერთი ამოცანა, დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდეს: „კოლექტიურმა ბექა ოდიშარიებმა უნდა თქვან, რომ, აი, ცოტა შემრჩა ღირსება თუ საერთოდ აღარ შემრჩა ღირსება. მაქვს ჩემი ვერსია და ჩემი ეჭვი, რომ საერთოდ აღარ შერჩათ. ყველა ღილაკს მიაჭერენ ხელს, ოღონდ იყვნენ ისინი უზრუნველყოფილი საკუთარი ფულის შოვნით. ვის ადარდებს, ბექა ოდიშარიას ადარდებს საკუთარ კოლეგას უკანონოდ უფლებამოსილება შეუჩერეს თუ არა?“

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ზურაბ ადეიშვილს კი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.