ბექა ნაცვლიშვილი – „თიბისისთან“ დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს უნდა დაველოდოთ, სიმართლე მალე დადგინდება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ყველა მხარე გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.
ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ სიმართლე მალე დადგინდება.
„თიბისი ბანკი“ არ არის იმდენად უმწეო ორგანიზაცია, რომ მას არ შეეძლოს მაღალკვალიფიციური ადვოკატის მომსახურეობის შეძენა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თანაბარი იქნება პოზიციები, თამაშის წესებიც თანაბარია და სიმართლე დადგინდება ძალიან მალე. საქმეზე ხანდაზმულობა რომ გასული იყოს, საქმის წარმოება უბრალოდ ვერ დაიწყებოდა. ამიტომ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, უნდა დაველოდოთ მიმდინარე პროცესებს სამართლებრივ ჭრილში“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, მისი თქმით, ე.წ. ოფშორული სივრცეების არსებობა მთელ მსოფლიოში ქმნის პრობლემას.
„როგორც ჩანს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, ქმნის პრობლემას ე.წ. ოფშორული სივრცეები, რომელიც ამ პროცესებს გაუმჭვირვალეს ხდის. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანა უნდა მივიდეს იქამდე, რომ ოფშორული სივრცეები გაქრეს ან მკაცრ რეგულირებას დაექვემდებაროს“, – განაცხადა დეპუტატმა.