ბექა ნაცვლიშვილი - არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრამდე დამოუკიდებელი დეპუტატები საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ
ბექა ნაცვლიშვილი - არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრამდე დამოუკიდებელი დეპუტატები საერთო ხედვაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან საერთო ხედვაზე დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა ჩამოყალიბდნენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა, პარტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრა იქნება გამოხშირვის პოლიტიკის გაგრძელება.

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რითაც შეიძლება წარვდგეთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან სურვილია, რომ არსებობდეს საერთო პლატფორმა, რაც საფუძველს შექმნის პოლარიზაციის დასრულების. „ქართული ოცნება“ ეცდება, რომ პროცესიდან სხვადასხვა პარტიები გამოხშიროს, შესაბამისად, დისონანსი შეიტანოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის მოთხოვნის პროცესში. თუ შევჯერდებით, უკეთეს წინადადებას შევთავაზებთ, რომ საბოლოო ჯამში, მსჯელობის საგანი გახდეს ჩვენი შეთავაზება და „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა პარტიებმა თავიანთი პოზიცია გამოთქვამ. რამდენიმე მოსაზრებაა, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. არის ვერსია, რომ კიდევ უფრო შემცირდეს მაჟორიტარების რაოდენობა და 50-ზე ნაკლები იყოს. შეთავაზება შეიძლება იყოს იმგვარიც, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერის საფუძველზე ჩატარდეს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება.

პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიისა და „გირჩის“ შეხვედრას ასევე ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც. შეხვედრას გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.