ბექა ნაცვლიშვილი - პრემიერ-მინისტრთან კითხვები განათლების რეფორმასთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მექნება
ბექა ნაცვლიშვილი - პრემიერ-მინისტრთან კითხვები განათლების რეფორმასთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მექნება

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან კითხვები განათლების რეფორმასთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება, სახელმწიფო თვითონ, თავის ინიციატივით ხელს უწყობდეს მიგრაციას, მაღალკვალიფიციური კადრების გადინებას ქვეყნიდან და ლაპარაკობდეს განათლების რეფორმის დაფინანსებაზე. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებები და ამიტომ მინდა, ამ აბსურდში გავერკვე“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის გარდა, ასევე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუსმენენ და აღნიშნა, რომ სერგეენკოსთან შეკითხვა სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით ექნება.

„პირობა, რომელიც დაიდო პარლამენტში, არ შესრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ იყო თანხმობა ამ პირობების შესრულებაზე. ხაზი მინდა გავუსვა, ეს არ ეხება ფინანსურ ნაწილს, ეს ეხება ინსტიტუციონალურ მოწყობას, ესეც არ არის შესრულებული. ამასთან დაკავშირებით და ზოგადად, სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში 27-31 მაისის პლენარულ კვირაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.