ბექა ნაცვლიშვილი - ეკლესიას აქვს დიდი გავლენა და ნდობა, რასაც თავად სასულიერო პირები უნდა გაუფრთხილდნენ
ბექა ნაცვლიშვილი - ეკლესიას აქვს დიდი გავლენა და ნდობა, რასაც თავად სასულიერო პირები უნდა გაუფრთხილდნენ

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

ამასთან, მისი შეფასებით, ეკლესიას საზოგადოების მხრიდან დიდი ნდობა აქვს, რომელსაც სასულიერო პირები უნდა გაუფრთხილდნენ.

„პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და დაინტერესდეს ამ განცხადებებით. შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი. რაც საპატრიარქოში მიმდინარეობს, არის ძალიან სამწუხარო, რადგან ეკლესიას აქვს ამხელა გავლენა საზოგადოებაზე და ნდობა, თვითონ სასულიერო პირები უნდა გაუფრთხილდნენ ამ ნდობას, ეს არის მთავარი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.