ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედლის მოპოვების შანსი გაუშვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში – ბექა ლომთაძე დამარცხდა.
61 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ბექა ლომთაძემ, მონღოლ ტუშინტულგა ტუმენბილეგს ორი ქულა სტარტზევე აუღო და პირველი პერიოდიც 2:0 მოიგო. თუმცა მონღოლმა მეორე პერიოდში ანგარიში ასევე ორქულიანით გაათანაბრა შემდეგ კი კიდევ ოთხი ქულა აიღო და კომფორტული უპირატესობაც შეიქმნა. ლომთაძემ მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო, საბოლოოდ 3:6 დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ამავე წონაში მეორე ბრინჯაოს მედალი ამერიკელ – ჟოზეფ დანიელ კოლონს ერგო. ჩემპიონი კუბელი – ბონე როდრიგესი გახდა, ვერცხლს კი რუსი – გაჯიმურად რაშიდოვი დაეუფლა.
დღესვე საქართველოს ორი მედალი აქვს განაღდებული. რამდენიმე წუთში ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალურ შეხვედრებს იჭიდავებენ.
რაც შეეხება ტურნირში დღეს ჩართულ ოთხ ქართველს, მათ ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. ოთარ გოგავა (57 კგ.) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) უმედლოდ დარჩნენ, დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი კი ხვალ, 12:30-იდან რეპეშაჟში ჩაერთვებიან და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.