ბექა ლილუაშვილი - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და უსწრებს სხვადასხვა ქვეყნებს
ბექა ლილუაშვილი - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და უსწრებს სხვადასხვა ქვეყნებს

მივესალმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებლის ისტორიულად მინიმუმამდე შემცირება შეძლო, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემის საბოლოო გადალახვისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ტემპი მომავალშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

„ასევე მისასალმებელია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდულ დონემდე ზრდა. იმედი გვაქვს, რომ ეს მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ რეფორმების და ინიციატივების ფონზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა და რომელიც ორიენტებულია საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმისთვის, რომ განხორციელდეს საბანკო რეგულაციების გამარტივება, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის აქტივობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ამავდროულად გრძელდება მუშაობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდა ფისკალური მდგრადობა და მოსალოდნელზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა, რასაც მოჰყვა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, საქართველოს მთავრობას მისცა შესაძლებლობა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მოქალაქეზე ორიენტირებული. ამ დამატებითი შემოსავლების მიღებამ ბიუჯეტში მოგვცა საშუალება, გაგვეზარდა ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებელი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორთან ერთად, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საფინანსო ბაზარზე აქტივობის გაზრდას. ერთობლივი მუშაობა შეეხება საბანკო რეგულაციების გამარტივების პროცესს. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ასევე ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რასაც უკვე მოყვა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რაც მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში 2020-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის ლიდერი და საპროგნოზო ზრდა 5% შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სსფ-ის მისია, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტით მიმდინარე წლის 5-11 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება. როგორც ვიზიტის დასრულებისას ვერა-მარტინმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია, წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია კი, მიზნობრივ მაჩვენებელს – წლიურ 3 პროცენტს 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება.