ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე არჩილ თალაკვაძის შეფასება ბულინგის გამოხატულებაა
ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე არჩილ თალაკვაძის შეფასება ბულინგის გამოხატულებაა

არავინ უნდა დააბულინგონ არაეფექტიანი პარტიის დატოვებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მისი და კიდევ ხუთი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბულინგის გამოხატულებაა.

„როგორც ჩანს, ბატონ არჩილს ჯერ კიდევ კარგად არ ჰქონდა მოსმენილი ჩვენი პოლიტიკური განცხადებები, როდესაც თავად განცხადებას აკეთებდა. პირველი, რაც ჩვენ ვთქვით „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზად, ეს სწორედ პასუხისმგებლობაა, მათ შორის „ქართული ოცნების“ და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ჩვენ სწორედ იმიტომ დავტოვეთ ეს პარტია, რომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. არსებული რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის ნების და დღის წესრიგის ეფექტიანობაზე ორიენტირებული ძალის რესურსი, არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვერ დაგვაბულინგებს ვერავინ, გადავდგათ ნაბიჯი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, აბულინგებს თუ არა მათ არჩილ თალაკვაძე, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ მისი განცხადება ბულინგის გამოხატულებაა.

„ეს არის მათ შორის ამ ბულინგის გამოხატულება, ჩემი აზრით. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის შეფასებები არის იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ სუსტია პოლიტიკური კლასის განვითარების შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ვერავინ და არავინ არ უნდა ბულინგდებოდეს პოლიტიკური პარტიის დატოვებისთვის, როდესაც პოლიტიკური პარტია, როგორც ხალხის ნების აღსრულების პლატფორმა, არაეფექტიანია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.