ბექა ფერაძე - მთელი საქართველოს მასშტაბით ფორმებიანი, ვიდეოკამერებით აღჭურვილი ინსპექტორები ახდენენ ზედამხედველობას
ბექა ფერაძე - მთელი საქართველოს მასშტაბით ფორმებიანი, ვიდეოკამერებით აღჭურვილი ინსპექტორები ახდენენ ზედამხედველობას

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტის კონტროლი მკაცრდება. დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რა დარღვევები გამოვლინდა ქვეყანაში.

„გუშინ დავიწყეთ ინსპექტირება მთელი საქართველოს მასშტაბით. ინსპექტორები ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ იმ ობიექტებს, რომელიც ამ პერიოდში მუშაობენ. შესაბამისად, შედეგების ანალიზი მიმდინარეობს და ის დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა და რა სანქციები დაუწესდათ, დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რესტორნების შემოწმება, რომელთა მიმართ შედგენილია პროტოკოლი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით და მისი დაცვა არის მათი ვალდებულება. ჯარიმა არის 10 000 ლარის ოდენობით, თუ გამოიკვეთება დარღვევა იურიდიული პირისთვის.

პროფილური მიმართულებით გვაქვს გადანაწილებული – ერთი ეკონომიკის გახსნის ნაწილზე, მეორე პრევენციაზე, ერთიც არის გეგმური ნაწილი, რომელიც დავიწყეთ. გეგმურ ნაწილზე 10 ჯგუფი არის გასული ჯამში, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას. ამასთანავე, მიმდინარეობს ეკონომიკის გახსნის პროცესი, მოწმდება სასტუმრო სექტორი და მათ ნებართვები ენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებენ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რაც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

შემოწმებისას ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან ფორმებით, ვიდეოკამერებით აღჭურვილი თანამშრომლები ახდენენ ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით. უბრალოდ, რესურსი არის განაწილებული. გარკვეული ნაწილი ინსპექტორებისა ახდენს ზედამხედველობას ეკონომიკის გახსნის პროცესთან დაკავშირებით; ნაწილი ინსპექტორებისა ჩართული არის უკვე გუშინდელი დღიდან შემოწმების პროცესში“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი