პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო სანქციების შესახებ კანონი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო სანქციების შესახებ კანონი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა

პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

ახალი კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

კანონში არის შენიშვნა, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას და შესაბამისი ოქმის შედგენას, აგრეთვე, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადებას, ასევე ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც ახორციელებენ“, – აღნიშნულია კანონში.

დატოვე კომენტარი