ბექა ძამაშვილი - რუსეთი წერილობით დათანხმდა წლის ბოლომდე დეპორტირებულების საქმეზე თანხის გადახდას, იმედს ვიტოვებთ, ამჯერად მაინც შეასრულებს ვალდებულებას
ბექა ძამაშვილი - რუსეთი წერილობით დათანხმდა წლის ბოლომდე დეპორტირებულების საქმეზე თანხის გადახდას, იმედს ვიტოვებთ, ამჯერად მაინც შეასრულებს ვალდებულებას

რუსეთი წერილობით დათანხმდა წლის ბოლომდე დეპორტირებულების საქმეზე თანხის გადახდას, იმედს ვიტოვებთ, ამჯერად მაინც შეასრულებს ვალდებულებას, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

ძამაშვილის თქმით, როდესაც რუსეთი შეასრულებს ვალდებულებას, საზოგადოებას უკვე დეტალურად განუმარტავენ დამატებით პროცედურებს, რათა ეს თანხა უშუალოდ დაზარალებულებამდე მივიდეს.

„ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის იანვარში გამოიტანა და მას შემდეგ, რუსეთი არ ასრულებდა ამ ვალდებულებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოყვანილიყო. აქტიურად ვითანამშრომლეთ ევროპელ კოლეგებთან მინისტრთა კომიტეტში და გამოიკვეთა ამ საკითხის გადაჭრის პრაგმატული გზა, რაც გულისხმობს, რომ რუსეთმა თანხა ჩარიცხოს მინისტრთა კომიტეტის ევროპის საბჭოს ანგარიშზე და შემდეგ მოხდეს ამ თანხის განაწილებაზე მუშაობა. ჩვენ ამ საკითხზე საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს, რამდენადაც ნოემბერში სპეციალურად ამ საკითხის გადაჭრისთვის გაიმართა სხდომა და რუსეთის ფედერაცია დათანხმდა წერილობით, რომ ამ ვალდებულებას შეასრულებდა. უკვე დეკემბრის სხდომაზე განისაზღვრა კონკრეტული ვადა და მინისტრთა კომიტეტმა წლის ბოლომდე მისცა რუსეთს ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად მაინც შეასრულებს რუსეთი ამ ვალდებულებას, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით. როდესაც რუსეთს მხრიდან ეს ვალდებულება შესრულდება, საზოგადოებას უკვე დეტალურად განვუმარტავთ, რა იქნება დამატებითი პროცედურები, რათა ეს თანხა უკვე უშუალოდ დაზარალებულებამდე მივიდეს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.