ბექა ძამაშვილი - იმის თქმა, რომ სტრასბურგის სასამართლო არის მიკერძოებული და რუსეთი არ ნანობს ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალას, წარმოაჩენს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და სურთ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას
ბექა ძამაშვილი - იმის თქმა, რომ სტრასბურგის სასამართლო არის მიკერძოებული და რუსეთი არ ნანობს ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალას, წარმოაჩენს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და სურთ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას

დღეს იმის თქმა, რომ სტრასბურგის სასამართლო არის მიკერძოებული და რუსეთი არ ნანობს ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალას, წარმოაჩენს მხოლოდ იმას, რომ მათ დღეს მეტი არაფერი აქვთ სათქმელი და სურთ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ორივე მხარის მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ.

„რუსეთმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებას არ მიიჩნევენ ვალიდურად, ასეთი პოზიციაც გაჟღერდა, რაც ძალიან უცნაურიცაა და არათანმიმდევრულიც. როდესაც სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა მიდიოდა, რუსეთი ჩვეულებრივ თანამშრომლობდა სასამართლოსთან, მტკიცებულებებიც წარადგინა და საქმის განხილვასაც დაესწრო. ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა სასამართლომ მიიღო, ეყრდნობოდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ის გარემოება, რაც დადასტურდა, რომ ჩვენი ტერიტორიები არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ის რომ დევნილებს აქვთ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ორივე მხარის მტკიცებულებების საფუძველზე. დღეს უკვე იმის გაჟღერება, რომ სასამართლო არის მიკერძოებული და ისინი არ ნანობენ ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალას, წარმოაჩენს მხოლოდ იმას, რომ მათ დღეს მეტი არაფერი აქვთ სათქმელი და სურთ, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ძამაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟენევის მოლაპარაკებების დატოვების შემდეგ განაცხადა, „საერთაშორისო სასამართლოები ბოლო დროს არ გამოირჩევიან მიუკერძოებლობით და ანტირუსული მიმართულება აქვთ, ჩვენ მათ გადაწყვეტილებებს არ აღვიქვამთ ობიექტურად და ადეკვატურად.  საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კი იმ სასამართლოებს ეკუთვნით, რომლებსაც ჩვენ არაობიექტურებად მივიჩნევთ“.