მიხეილ გალუზინი - საერთაშორისო სასამართლოები ბოლო დროს არ გამოირჩევიან მიუკერძოებლობით და ანტირუსული მიმართულება აქვთ, ჩვენ მათ გადაწყვეტილებებს არ აღვიქვამთ ობიექტურად
მიხეილ გალუზინი - საერთაშორისო სასამართლოები ბოლო დროს არ გამოირჩევიან მიუკერძოებლობით და ანტირუსული მიმართულება აქვთ, ჩვენ მათ გადაწყვეტილებებს არ აღვიქვამთ ობიექტურად

საერთაშორისო სასამართლოები ბოლო დროს არ გამოირჩევიან მიუკერძოებლობით და, სამწუხაროდ, ანტირუსული მიმართულება აქვთ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს არ აღვიქვამთ ობიექტურად და ადეკვატურად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟენევის მოლაპარაკებების დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა აღნიშნა, საერთაშორისო სასამართლო პოლიტიზებული და პროდასავლურია.

„დავიწყებ იმით, რომ ამ რაუნდზე, პირველ რიგში, გაგრძელდა დისკუსია აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა რეგიონში უსაფრთხოების გარანტირება. რუსულმა მხარემ და ჩვენმა მოკავშირეებმა, აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი შეთავაზების აქტუალობა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელშეკრულების აუცილებლობის შესახებ.

ჩემი აზრით, ეს არის მთავარი თემა, რომელიც უნდა იყოს განხილული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. რაც შეეხება დევნილთა დაბრუნების საკითხს, ვფიქრობთ, თემა უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. იმ რეზოლუციებს, რომლებიც ქართულ მხარეს გააქვს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, აქვს ცალმხრივი პოლიტიზებული ხასიათი და არ ასახავს თანაბარუფლებიან რეალობას, რაც მთავარია, განხილვებში არ მონაწილეობენ აფხაზეთისა და ოსეთის წარმომადგენლები. ეს უსამართლობაა და უნდა შეიცვალოს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ამ ტექსტების გატანას შეწყვეტს. იძულებული ვარ, განგიმარტოთ, რომ არ მივიჩნევთ ოკუპირებულებად აფხაზეთსა და ოსეთს, ეს ორი რეგიონი გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, რუსეთი მათ ასე აღიარებს. საქმე იმაშიც არ არის, ვინ აღიარებს ამას, თავად ეს რესპუბლიკები აღიარებენ თავს დამოუკიდებლებად. რაც შეეხება ამ თემებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო სასამართლოები ბოლო დროს არ გამოირჩევიან მიუკერძოებლობით და, სამწუხაროდ, ანტირუსული მიმართულება აქვთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს არ აღვიქვამთ ობიექტურად და ადეკვატურად, ისინი პოლიტიზებული და პროდასავლურია. საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კი იმ სასამართლოებს ეკუთვნით, რომლებსაც ჩვენ არაობიექტურებად მივიჩნევთ“, – განაცხადა მიხეილ გალუზინმა.