ბექა ძამაშვილი - ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები და მიღწევები
ბექა ძამაშვილი - ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები და მიღწევები

ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები და მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ, ექსპერტების შეფასებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი დადასტურებულა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა, რადგან სწორედ ეს კომიტეტი 2012 წლამდე, სტრასბურგის სასამართლოსთან ერთად, საქართველოს პენიტენციურ სისტემას ახასიათებდა ისეთ ადგილად, სადაც წამებას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა. პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ყველაზე კარგად ასახავს, მათ შორის, ევროპული სასამართლოს სტატისტიკასთან ერთად, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ პენიტენციური სისტემიდან შესული არცერთი საჩივარი გამოცხადებულა დასაშვებად. გარდა აღნიშნულისა, დასკვნაში ასევე ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული პენიტენციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ყურადღება მახვილდება ლაითურის ახალ ციხეზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც პატიმრების, ასევე თანამშრომლების ინტერესებს. ასევე აღნიშნულია, რომ პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, განსაკუთრებით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა არის ყველა დაწესებულებაში სრულად წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს შეფასება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პენიტენციური სისტემისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის, რადგან ის, როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ადამიანის უფლების დაცვას პენიტენციურ სისტემაში, არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, როგორ არის დაცული სახელმწიფოში ადამიანის უფლებები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, როგორც ბექა ძამაშვილმა განაცხადა, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს იმ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებების რაოდენობა, საკნის გარე აქტივობების რაოდენობა, რომელიც ხორციელდება.

„ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ასევე, საუბარია კონკრეტულად თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე და განსაკუთრებით ყურადღება მახვილდება სამედიცინო პერსონალის რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, ასევე მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ის მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ პერიოდულად ხდება ხოლმე შეწყალების თუ ამნისტიის მეშვეობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შესახებ, რომლებიც შედგა 2024 წლის 18–29 ნოემბერს და 2025 წლის 21–22 იანვარს, ასევე საქართველოს ხელისუფლების პასუხის თაობაზე.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)  შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.