ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შესახებ, რომლებიც შედგა 2024 წლის 18–29 ნოემბერს და 2025 წლის 21–22 იანვარს, ასევე, საქართველოს ხელისუფლების პასუხის თაობაზე.
ევროპის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომიტეტმა შეაფასა პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ პოლიციის მხრიდან მოპყრობა და მათთვის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დამცავები, მათ შორის იმ პირებისა, რომლებიც ცოტა ხნის წინ დააკავეს 2024 წლის 29 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებით. პრესრელიზის თანახმად, დელეგაციამ ასევე შეისწავლა რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პირობები – მკურნალობა, საცხოვრებელი გარემო და იძულებითი ჰოსპიტალიზაციისას მოქმედი სამართლებრივი დამცავები.
„2024 წლის 28 ნოემბრამდე გამოკითხული დაკავებულების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებიც გადაიყვანეს ან ახლახან იმყოფებოდნენ პოლიციის პატიმრობაში, განაცხადა, რომ პოლიცია მათ კორექტულად ეპყრობოდა. ამის საპირისპიროდ, წამების კომიტეტში შევიდა უამრავი ბრალდება არასათანადო მოპყრობის შესახებ, როდესაც გამოიკითხა მრავალი პირი, რომლებიც დააკავეს 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით. გამოკითხულთა უმეტესობას, რომლებმაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მოითხოვეს, აღენიშნებოდა თვალსაჩინო დაზიანებები, ზოგ შემთხვევაში – მძიმე. მათი მონათხრობით იკვეთებოდა დემონსტრაციის დროს პოლიციის მკაფიო შაბლონური ქცევა: ნიღბიანი და კაპიუშონიანი, არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები ჯგუფებად ახორციელებდნენ დაკავებებს, დაკავებულებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში ურტყამდნენ მუშტებსა და ფეხებს და ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, ცემის ფაქტები, სავარაუდოდ, განმეორებით ხდებოდა, რამდენიმე პოლიციელის მონაწილეობით ერთდროულად, მათ შორის იმ დროსაც, როცა დაკავებულ პირებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული. თითქმის ყველა შემთხვევაში ძალადობა წყდებოდა მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაეცემოდნენ ნიღბის გარეშე მყოფ პოლიციელებს.
წამების პრევენციის კომიტეტი კვლავ უსვამს ხაზს თავის რეკომენდაციას: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პირების დაკავებისას პოლიცია იყენებდეს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელ და პროპორციულ ძალას. კომიტეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ პოლიციის კონტროლქვეშ მყოფი პირების მიმართ ძალადობის არცერთი ფორმა არ შეიძლება იყოს გამართლებული. კომიტეტი განსაკუთრებულად აღნიშნავს ხალხის დიდი მასის კონტროლის ტექნიკაში გადაუდებელი ტრენინგების აუცილებლობას და იმას, რომ დემონსტრაციებზე მყოფ ყველა ნიღბიან სამართალდამცველს უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნები.
პოლიციის ყველა ინტერვიუს ელექტრონული ჩაწერა ასევე დაიცავდა პატიმრობაში მყოფ პირებს არასათანადო მოპყრობისგან. წამების პრევენციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ „პოლიციის მხრიდან გადაცდომებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობისა და ეფექტიანი გამოძიებების პრობლემის კონტექსტში საგანგაშოა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის გადაცემა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა კომიტეტის მრავალწლიანი რეკომენდაციაა. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, სწორედ საპირისპირო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად ჩანს“, – ნათქვამია წამების პრევენციის კომიტეტის პრესრელიზში.
რაც შეეხება ციხეებს, რომლებიც მოინახულეს, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისტემა ზოგადად გადატვირთული არ იყო, თუმცა ლოკალურად გადატვირთულობა კვლავ არსებობდა.
„ნახევრად ღია ტიპის ციხეების („ზონების“) დახურვის მიმართულებით პროგრესი არ დაფიქსირებულა. ამ დაწესებულებებს კვლავ აქვს ქრონიკული პრობლემები: გადატვირთულობა, პატიმართა განაწილების სათანადო პოლიტიკის არარსებობა, პატიმართა შორის ძალადობა, არაფორმალური იერარქიის ზეგავლენა, საქმიანობების სიმცირე და უკიდურესად მცირე რაოდენობის თანამშრომლები. აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯები „ზონების“ დახურვისა და მათი ჩანაცვლებისკენ მცირე, მოდულური ციხეებით, რეაბილიტაციაზე და ინდივიდუალურ აქტივობებზე ორიენტირებული მიდგომით და მეტი პერსონალით. წამების პრევენციის კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ციხის რეჟიმების განვითარების სფეროში რეალური პროგრესის არარსებობა წარმოადგენს ხელისუფლების პრობლემას. ბევრი „ნებაყოფლობითი“ პაციენტი ფაქტობრივად თავისუფლებაშეზღუდული იყო. ისინი ვერ ტოვებდნენ ჩაკეტილ განყოფილებებს, ხშირად ექვემდებარებოდნენ იძულებას, შეზღუდვას და მოკლებული იყვნენ იძულებითი ჰოსპიტალიზაციისთვის გათვალისწინებულ სამართლებრივ დამცავებს. აუცილებელია გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივი გარანტიების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია პრესრელიზში.
როგორც კომიტეტში აღნიშნავენ, პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგენა ინფორმაცია კომიტეტის რეკომენდაციებზე რეაგირების ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ.