ბექა დავითულიანი - მგონია, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ
ბექა დავითულიანი - მგონია, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ

ჩნდება ეჭვები, რომ ვიღაცებს არ ჰქონდათ სურვილი, საარჩევნო პროცედურებით, მშვიდობიანად წასულიყო პროცესი და მყარად ყოფილიყო საარჩევნო ადმინისტრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოს დადების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ დასჭირდა ვეტოს გამოყენება პრეზიდენტს.

„ჩვენ გვქონდა ძველი წესით, კანონით ისეთი რეგულაცია, რომელიც ამბობდა, რომ ექვს თვეში ერთხელ უნდა დაგვემტკიცებინა ხელახლა მოვალეობის შემსრულებელი. სამწუხაროდ, ვერ მოხდა ოპოზიციასთან შეთანხმება თავმჯდომარეზე, რომელსაც თავისი ვადით დავამტკიცებდით და ამიტომ მოუწია უმრავლესობას გადაწყვეტილების მიღება, რომ მოვალეობის შემსრულებელი მაინც იყოს სტაბილურ მდგომარეობაში და არჩევნების დროს ორგანიზაციამ, უბრალოდ, ფუნქციონირება  შეძლოს. ამისთვის ვეტოს დადება რატომ დასჭირდა პრეზიდენტს, ვერ გეტყვით, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ დამატებითი კითხვის ნიშნები არ იყოს და სიმყარის განცდა ჰქონდეს ადმინისტრაციას, რომ ისინი ასრულებენ მოვალეობას საარჩევნო წელს მაინც, გარკვეული ვადით იმუშაონ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, დაედო ვეტო, მგონია, რომ დავძლევთ ამ ვეტოს“, – განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.