ბექა დავითულიანი - ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა, არ ვამბობ, რომ ეს ბოდიში საკმარისია
ბექა დავითულიანი - ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა, არ ვამბობ, რომ ეს ბოდიში საკმარისია

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ დღეს ოპოზიცია საკრებულოში შეიჭრა, სამართალდამცველებმა და შენობის დაცვამ იმოქმედა ისე, როგორც კანონის ფარგლებშია გათვალისწინებული.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიციას სურს, რომ უმრავლესობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებდეს და ეს ასე არ მოხდება.

„ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან შეხვედრისას მოიხადა ბოდიში, არ ვამბობ, რომ ეს ბოდიში არის საკმარისი. დილიდან ოპოზიცია შემოიჭრა, ავიდა გარემოს დაცვის კომისიის ოთახში, დაიწყო იქ კარვის გაშლა. სამართალდამცველებმა და შენობის დაცვამ იმოქმედეს ისე, როგორც ეს კანონის ფარგლებშია გათვალისწინებული. ვინაიდან, პროცესები საკრებულოს შენობაში ქაოტური იყო. მე ერთხელ უკვე შევთავაზე გიორგი  ტყემალაძის კაბინეტთან მოჭრილ ოპოზიციის წარმომადგენლებს გასაუბრება, მათ თანხმობა განაცხადეს, თუმცა კამერების წინ გააკეთეს განცხადებები: გაიქცნენ, ვერ ვიპოვეთ. შემდგომში ბრიფინგზე ჩამოვედით, შევთავაზეთ, ამოვიდნენ, ვისაუბრეთ. მათ უნდათ, რომ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩავსხდეთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, როდის იგეგმება უმრავლესობის სხდომა, დავითულიანმა აღნიშნა, რომ ეს უმრავლესობის გადასაწყვეტია და ამის დაანონსებას არ აპირებენ.

„ იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება, სხდომა შედგება მაშინ, როცა ჩვენ მივიჩვენთ საჭიროდ და არა მაშინ, როცა ისინი მოგვთხოვენ. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ ამას ვიღაცის მოთხოვნის გამო. სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია გარემო. იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად ვზრუნავდეთ და ენერგიას ვხარჯავდეთ იმ ადამიანის გათავისუფლებისთვის, ერთმანეთთან კამათზე და პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე არიან ეს ადამიანები ორიენტრებულნი“, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.