ბექა ბასილაია - კონსილიუმის შესვლაზე ინიციატივის შესახებ დავაფიქსირეთ, რომ შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა უარი თქვას მოშიმშილე ადამიანის მონიტორინგის პროცესზე
ბექა ბასილაია - კონსილიუმის შესვლაზე ინიციატივის შესახებ დავაფიქსირეთ, რომ შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა უარი თქვას მოშიმშილე ადამიანის მონიტორინგის პროცესზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედ და შემართებით არის.

როგორც ბასილაიამ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფიზიკური თვალსაზრისით, შიმშილობის ორი კვირის თავზე სააკაშვილს გამოხატული აქვს ისეთი სიმპტომები, რასაც სახარბიელოდ ვერ დაახასიათებს. ბექა ბასილაია იმედოვნებს, რომ პირად ექიმს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების საშუალება მიეცემა.

ამასთან, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისთვის სააკაშვილის მხრიდან მისი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში ჩართვის შესახებ თანხმობას რაც შეეხება, ადვოკატმა აღნიშნა: „კონსილიუმის შესვლაზე ინიციატივის შესახებ დავაფიქსირეთ, რომ შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა უარი თქვას მოშიმშილე ადამიანის მონიტორინგის პროცესზე“.

„მორალურად მიშა არის ძალიან მხნედ და შემართებით, როგორც სჩვევია. ფიზიკური თვალსაზრისით კი ყველას ძალიან კარგად გვესმის, შიმშილობის ორი კვირის თავზე უკვე გამოხატულია ისეთი სიმპტომები, რასაც ნამდვილად სახარბიელოდ ვერ დავახასიათებ. ექიმის ვიზიტს დიდი ხანია, ვითხოვთ, პირად ექიმს ამ დრომდე არ აძლევდნენ შესვლის საშუალებას, რაღაც ბიუროკრატიული, სრულიად აბსურდული მიზეზები მოჰქონდა და დღეს ეს მიზეზები აღმოფხვრილია. იმედი მაქვს, მას მიეცემა შესაძლებლობა, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა კონსილიუმის შესვლაზე ინიციატივა, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა ჯანსაღი აზრის ფარგლებში უარი თქვას მოშიმშილე ადამიანის მონიტორინგის პროცესზე. ბუნებრივია, ეს იყო ერთობლივი პოზიცია“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა. „როდესაც დასტურს მივიღებთ პაციენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, უკვე ექსპერტები მულტიფუნქციური ჯგუფის სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.