ბექა ბასილაია - კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, სასამართლო გაუქმებულია
ბექა ბასილაია - კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, სასამართლო გაუქმებულია

დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

„ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა შედგეს, უნდა მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ, ტექნიკურ მიზეზს იტყვის. შაბათს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, პროცესზე არ მოიყვანდნენ. სასამართლო პროცესი დღეს არ ჩაინიშნა იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც ბადრი კოჭლამაზაშვილი პირადად იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეტანა პენიტენციურ სამსახურს, რომ სააკაშვილის გადმოყვანა მის ჯანმრთელობას შეუქმნიდა საფრთხეს, იქამდე არაფრის დიდებით არ ჩაინიშნა პროცესი. გვახსოვს, 10 ნოემბერს სააკაშვილს ჯერ კიდევ შეეძლო სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს. ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ

ყველას კარგად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ „მსჯავრდებულ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის“.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.