ბექა ბასილაია - აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ
ბექა ბასილაია - აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ

აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვართ, – ამის შესახებ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აკაკი კობაკლაძე და აკაკი ხუსკივაძე იყვნენ პროპაგანდის პატიმრები. შესაბამისად, მოლოდინი, რომ პოლიტიკური დევნის ეს უმძიმესი ფორმა, ანუ მათი ციხეში ყოფნა შეწყდებოდა, არ გვქონდა, იგივე ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან გამომდინარე. ვართ სასიამოვნოდ გაკვირვებულები ამ გადაწყვეტილებით. ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება. ვისურვებთ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები სხვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც იყოს მიღებული. დღევანდელი გადაწყვეტილება უნდა გახდეს საწინდარი ხვალინდელი და ზეგინდელი გადაწყვეტილებების პოლიტიკური დევნის დასრულების თვალსაზრისით. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილება ნამდვილად აღსანიშნავია“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.