ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და „ლიკუდის“ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და „ლიკუდის“ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და პარტია „ლიკუდის“ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანული გამოცემის ცნობით, გამარჯვების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს. ოფიციალური მონაცემებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტიის წევრების 72,5 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, გიდეონ საარმა კი მხოლოდ 27,5 პროცენტი მიიღო.

მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ისრაელის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის თვითდათხოვნას დაუჭირა მხარი. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 2 მარტს ჩაინიშნა. ეს ბოლო 11 თვის განმავლობაში უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები იქნება. ისრაელის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიზეზი მასში უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი კონკურენტის, ბენი განცის უშედეგო მცდელობა იყო.